კაცმა არ იცის რა..


ვერიდები ისეთი პოსტი დავწერო, რომ მერე ვინანო. უფრო სწორედ პოსტი დავწერო იმ ადამიანზე, რომელზეც არ მინდა და თან მინდა. რადგან ადრეც ასე იყო. არ მინდოდა მასზე ფიქრი და თან მინდოდა. არ ვფიქრობდი და თან ვფიქრობდი. დროის განმავლებაში ძალიან შევეჩვიე ამ ორივე გრძნობას, სურვილს და თან არ სურვილს. საკუთარ თავს,რომ ვკითხო რათქმაუნდა არ გამოტყდება.

მე ისე არ ვფიქრობ მასზე, როგორც ახლა პოსტს არ ვწერ. მე ისე არ ვფიქრობ მასზე, როგორც აქამდე არ მიცდია ცხრაჯერ მასზე წერა. და ისე ვიფიქრებ ალბათ მომავალში, როგორც ამ პოსტს წავშლი.აუცილებლად წავშლი, რადგან არ მინდა ვფიქრობდე. თუმცა ამ წინადადების დასრულებამდე ვხვდები, რომ ვტყუი.

საქმე იმაში არაა მე შემიძლია ეს თუ არა. რათქმაუნდა მე შემიძლია შევწყვიტო წერაც და ფიქრიც. ადამიანს ყველაფერი შეუძლია,რაც უნდა. კითხვის ნიშნის ქვეშ კი ისაა, მინდა მე რომ ეს ადამიანი ჩემს თავში (პოსტში) იყოს თუ არ იყოს? რათქმაუნდა მინდა და ამიტომაც არის და ვწერ. ვწერ და არ ვწერ იმ გრძნობაზე, რომელსაც განვიცდი, რომელიც შემომეპარა.

მეშინია მასზე წერაც არ შემომეპაროს. ჩუმად ვარ, სულ ჩუმად ვარ და სულ ვცდილობ საკუთარ თავში არ დავმარცხდე, არ ვაღიარო მისი სიჭარბე ჩემს ფიქრებში. მე სულ ჩუმად ვარ, როდესაც საუბრობენ მასზე, თითქოს საუბრობდნენ ვიღაცაზე. და მე ამ ვიღაცაზე ნასაუბრევს, ყოველ სიტყვას ვინახავ.

ეს მომწონს და თან არ მომწონს. მის ვარსკვლავებიან თვალებში ჩემს თავს სულ ვხედავ. მე ვხედავ, რადგან მე მინდა. ჯერჯერობით ეს მომწონს, მაგრამ უკვე საეჭვოა ეს ყველაფერი,რადგან ამ პოსტს არ ვშლი და ვაქვეყნებ. რადგან შევდივარ იქ სადაც სახიფათოა. ვაი, რომ ეს ძვირად დამიჯდეს და ნამდვილად დამიჯდება. მე ეს არ მომწონს და თან მომწონს. უკვე მოსალოდნელი ტკვილისთვისაც ვემზადები.

Advertisements